ცნობილია, რომ გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ხშირად გვთავაზობს თანამედროვე ლიტერატურის ბესტსელერების სიას.
გაზეთის უკანასკნელ ნომერში ამ პერიოდისთვის არსებული ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა და ამერიკის ტერიტორიაზე 35 ყველაზე გაყიდვადი წიგნიც გამოვლინდა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამჯერად ნიუ-იორკ ტაიმსი გაყიდვების კომბინირებულ სიას გვთავაზობს, ანუ წიგნის გაყიდვების საერთო რაოდენობა მისი პრინტ და ელექტრონული ვერსიის გაყიდვების ჯამია. მაშ ასე, გთავაზობთ პირველ თხუთმეტეულს.
პირველ ადგილზე ჯეიმს პეტერსონისა და მარკ სალივანის ერთობლივი ნაწარმოები private games-ია, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოვიდა და უკვე საოცარი პოპულარობა მოიხვეჭა. წიგნის გაყიდვების უდიდესი წილი ამაზონის ონლაინ წიგნის მაღაზიაზე მოდის. ეს საინტერესო, თანამედროვე დეტექტივია, რომელიც ახალი საგამოძიებო სააგენტოს Private-ს შესახებ მოგვითხრობს. სააგენტოს აგენტები თითქმის ზებუნებრივი ქმნილებები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო ჭკვიანები და სწრაფები გახლავთ. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებით სარგებლობენ. წიგნში აგენტებს ევალებათ შეაჩერონ მკვლელი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ჩაშლას ცდილობს. ლონდონში შეკრებილ ათასობით ადამიანს 400 აგენტი იცავს და მოსალოდნელი მკვლელობის თავიდან აცილებას ყველა ხერხით ცდილობენ.
-მეორე ადგილოსანი ავტორი ვინს ფლინია, რომლის ახალი წიგნიც "სასიკვდილო გასროლა" კვლავ აგრძელებს სუპერაგენტებისა და მოსალონდნელი მკვლელობის თემას. თრილერი და დეტექტივი ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც ეს სიაც ადასტურებს. წიგნი სი-აი-ეის აგენტზეა, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის არიდებას ცდილობს თუმცა მალე აცნობიერებს, რომ მახეშია გაბმული. წიგნს დიდ მომავალს არავინ უწინასწარმეტყველებს და მოსალოდნელია, რომ ამ სიასაც მალე დატოვებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვინს ფლინს შანსი აქვს თავისი პოპულარობის 15 წუთით ბოლომდე დატკბეს.
"მე შენი ნომერი მაქვს," - ასე ჰქვია სოფი კინსელას წიგნს, რომელიც, ჩემი აზრით, მორიგი იაფფასიანი ამერიკული დრამაა, პატარძალზე, რომლის ცხოვრებაც მაშინ ირევა, როცა შემთხვევით, სანაგვეში სხვის ტელეფონს იპოვის. პატარძალი ცდილობს შემთხვევითობის წყალობით ბევრი ახალი ნაცნობი შეიძინოს და სწორედ აქ იწყება მისი თავგადასავალი. წიგნმა ქალთა კლუბებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ფლინის მსგავსად ალბათ ისიც მალე გამოეთხოვება ამ სიას.
#
-პირველი სამეულის შემდეგ სიაში ისეთი ავტორები მოდიან, რომლებიც მუდმივად იკავებენ ბესტსელერების ლისტის სხვადასხვა საფეხურებს. ისინი თითქოს აქაურობის მუდმივი ბინადრები, მეპატრონეები არიან. ისინი ვერ ქმნიან ლიტერატურულ შედევრებს, თუმცა მაინც ყოველთვის ჰყავთ თავიანთი აუდიტორია. სწორედ ასეთები არიან: მეოთხე ადგილზე გასული უილიამ ლენდი, წიგნით "ჯეიკობის დაცვა" - ისტორია ადამიანზე, რომელიც ერთ დღეს გაიგებს, რომ მისი 14 წლის ვაჟიშვილი ეჭვმიტანილია მკვლელობაში; მეხუთე ადგილზე გასული კეტრინ სტოკეტი, წიგნით "შველა" - თეთრი ქალისა და ორი შავკანიანი მოსამსახურის ისტორია 60-იანი წლების მისისიპიდან; მეექვსე ადგილოსანი ენ რაისი, თავისი ისტორიებით თანამედროვე მაქციების შესახებ და მეშვიდე ადგილზე ლიზა გარნერი, თავისი ახალი დეტექტივით "დამიჭირე" - ისტორია ქალზე, რომელიც ბოსტონში დეტექტიურ ნოველას იყიდის, 4 დღეში კი უცნაურ ვითარებაში მოკლავენ. აქვეა მერვეზე გასული ბარბარა ფრითი თავის ისტორიებით დიასახლისებისთვის, რომლებიც ყიდულობენ კიდეც მის წიგნებს და ჯეიმს პეტერსონის მორიგი ნაწარმოები. პეტერსონი ლისტში მეორედ, მეცხრე ადგილზე, გვხვდება, თუმცა პირველი წიგნის მალევე გამოსული გაგრძელება, რომელიც პირველი ეჭვმიტანილის აღწერას ეხება არც ამჯერად ეკუთვნის მხოლოდ პეტერსონს. თუკი პირველ შემთხვევაში მან მარკ სალივანთან ითანამშრომლა, ამჯერად ამ წიგნის თანაავტორი მაქსინ პაეტროა. პეტერსონის საგებს და მრავალსერიან დეტექტივებს ბევრი აქტიური მკითხველი ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საინტერესო იქნებოდა თუკი მისი წიგნები ქართულ ენაზეც გამოიცემოდა. ასეთი ისტორიები ბევრს უყვარს და დარწმუნებული ვარ, არც ქართველი მკითხველი მიიღებს პეტერსონის ნაწარმოებებს გულგრილად.
-მეათე პოზიციიდან სიაში ალბათ ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება. ეს უკვე სტიგ ლარსონის ბენეფისია, რომელიც დიდი ხანი მოწინავე პოზიციებს იკავებდა ნიუ-იორკ ტაიმსის სიაში და ახლა შედარებით უკან გადაინაცვლა. მეათე პოზიციაზე ლარსონის "გოგონა, რომელმაც კრაზანის ბუდე დაარღვია" გავიდა. ეს ცნობილი ტრილოგიის ბოლო ნაწილია, რომელიც შვედ ჰაკერსა და ჟურნალისტზე მოგვითხრობს. ტრილოგიის პირველი ნაწილი "გოგონა დრაკონის ტატუთი" ქართულ ენაზეც ითარგმნა და საკმაო პოპულარობა მოიპოვა. წიგნის მიხედვით დევიდ ფინჩერმა ფილმიც კი გადაიღო. ფინჩერი უკვე აღიარებული რეჟისორია, მას უკვე უმუშავია ეკრანიზაციებზე. პალანიკის "მებრძოლთა კლუბი" ფინჩერის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი სტიგ ლარსონის წიგნის ეკრანიზაციაზე. ფილმი ტრილოგიის ბოლო ნაწილზეც გადაიღეს, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ის ისეთივე წარმატებული გამოდგა,როგორც ფინჩერის ეკრანიზაცია.
#
ამ წიგნის შედეგ სიაში სტიგ ლარსონის კიდევ ერთი წიგნია, ტრილოგიის მეორე ნაწილი "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა". ლარსონის ამ წიგნში მთავარი გმირი მკვლელობაში ეჭვმიტანილად იქცევა. მე არ ვთვლი, რომ ტრილოგიის რომელიმე ნაწილი რაიმე გამორჩეული ან ის, რომ სწორედ ამას ქვია ლიტერატურული შედევრი, თუმცა ფაქტია, რომ წიგნი პოპულარობას არ უჩივის. ტრილოგიის პირველი ნაწილი საქართველოშიც საკმაოდ დიდი წარმატებით გაიყიდა და ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა" შეიძლება მალე ქართული წიგნის მაღაზიების დახლებზეც გამოჩნდეს.
მეთორმეტე ადგილს სიაში ნიკოლას სპარკსის "იღბლიანი" იკავებს, რომელიც ლარსონის ტრილოგიის მეორე და პირველ ნაწილს შორის დგას. სწორედ მეცამეტე ადგილზეა ლარსონის დღეისთვის ყველაზე ცნობილი წიგნი, ტრილოგიის პირველი ნაწილი - "გოგონა დრაკონის ტატუთი".
ეს წიგნი დიდი ხნის განმავლობაში პირველობას არავის არ უთმობდა ეს ბოლო დროის მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია მსოფლიოში, როგორც ზემოთ აღვნიშნე მან საქართველოშიც მალე მოახერხა პოპულარობის მოხვეჭა. წიგნს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რაც გამომცემლობის დამსახურებაა, რომელმაც ყველა არსებული ხერხით დაიწყო წიგნის პიარი და შედეგმაც გაამართლა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ბლოგერებისთვის წიგნებს აბსოლუტურად უფასოდ არიგებდა და შესაბამისად ბუნებრივად მივიღეთ ჯინეტში გაბნეული უამრავი ბლოგპოსტი, რომელიც სტიგ ლარსონის წიგნს შეეხებოდა. ფაქტია, რომ ასეთმა პიარმა გაამართლა და დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბესტსელერი საქართველოში პოპულარულია, თუმცა საკითხავია რამდენად შეესაბამება ამ წიგნის ხარისხი მის პიარს. ჩემი აზრით აქ ახალი არაფერია და ეს უბრალოდ მორიგი გასართობია და მეტი არაფერი. საერთოდ მსგავს ტრილოგიებს ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, არ ვთვლი, რომ ლიტერატურაში კომერციული წარმატება გადამწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში სწორედ, რომ მსგავსი ფაქტორები წყვეტენ მწერლის მომავალი მოღვაწეობის შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც გამომცელობები გაძლიერდნენ და ეს უბრალოდ ბიზნესად იქცა ისევე, როგორც სიგარეტის ან ალკოჰოლის გაყიდვა და ა.შ. ბიზნესი კი ბუნებრივია აღარ თანამშრომლობს ავტორთან, რომელსაც არ შეუძლია თავისი წიგნები გაყიდოს. თვით ჩაკ პალანიკსაც კი გამომცელობებში ურთიერთობების დალაგება გაუჭირდა მანამ, სანამ "მებრძოლთა კლუბი" არ დაწერა და ეს ნაწარმოებიც კომერციული წარმატებისთვის იყო განწირული. ბოლო დროს საქართველოშიცაა მსგავსი ტენდენცია, აქ გამომცემლობები ძალიან გაძლიერდნენ, მართალია ჯერ რთულია ზუსტად ილაპარაკო მათ კომერციულ წარმატებასა და ზოგადად ქართული ლიტერატურის კომერციალიზაციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცელობამ, რამდენიმე აქციის შედეგად თვითონ შექმნა "ბესტსელერი", რომელმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოახერხა იგივე სტატუსის მოხვეჭა. მაგრამ, ნიუ-იორკ თაიმსის სიაში ლიდერობა ნელ-ნელა დაკარგა (მარტო 2012 წელს ის ორჯერ იყო სიის სათავეში) და ახლა მეცამეტე ადგილზე ჩამოქვეითდა.
#
სიის ბოლოსკენ ორი კარგად ნაცნობი ავტორია, ჯონათან საფრან ფოე და სტივენ კინგი. ფოეს ახალი ნაწარმოები 9 წლის ბიჭუნაზეა, რომელიც ნიუ-იორკში დადის მამის მიერ დანატოვარი გასაღებით და იმ კლიტეს ეძებს, რომელსაც ეს გასაღები უნდა მოერგოს. ბიჭის მამა 11 სექტემბერს დაიღუპა და ეს ისტორია წიგნს კიდევ უფრო დრამატულს ხდის.
სტივენ კინგის ახალი ნაწარმოები კი რამდენიმე კვირის განმავლობაში სიის სათავეში იყო მოქცეული, რაც ალბათ პირველ რიგში კინგის სახელმა განაპირობა. საერთოდ კინგი ძალიან პროდუქტიული ავტორია, ის ხშირად გვთავაზობს ახალ ნოველებს, მაგრამ ჯობდა "11/22/63" საერთოდ არ დაეწერა.
No comments:
Post a Comment